მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ყველაზე დიდი წილი ამბულატორიულ სერვისებზე მოდის. ამ სეგმენტში დაშენებული პაკეტების დაშვება მნიშვნელოვნად „ამოასუნთქებდა“ ბიუჯეტსაც და მომხმარებლებსაც შეუმსუბუქებდა ფინანსურ ტვირთს.

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ დრომდე არ შესრულებულა, საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობას გულისხმობს. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, 2014 - 2023 წლების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა - სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში.
მაია მახარაშვილი ამბობს, რომ შემავსებელი, იგივე „დაშენებული“ პაკეტის შემოღების აუცილებლობაზე კლინიკები წლებია საუბრობენ. 

„მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლიდან ყველაზე დიდი წილი ამბულატორიულ სერვისებზე მოდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ადამიანები ექიმის დანიშნულების გარეშე იკეთებენ სხვადასხვა ანალიზს, მათ შორის -„კატეს“, რომელიც შესაძლოა სულაც არ სჭირდებოდეს. დაზღვევის ფარგლებში ამას ოჯახის ექიმი არეგულირებს, თუმცა აქაც აქვს ხოლმე მომხმარებლების ნაწილს პრეტენზია, რომ სადაზღვევო „ზოგავს“ თანხებს და ამიტომ არ ამისამართებენ მათთვის სასურველ ანალიზებზე. ამბულატორიულ ნაწილში დაშენებული პაკეტების შემოღება, ერთის მხრივ, პაციენტების თანხებს დაზოგავდა და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს აღარ მოუწევდა პირობითად 10-ლარიან ანალიზებში ფულის ხდა. თუმცა იმისთვის, რომ „დაშენებულმა“ პაკეტმა იმუშაოს, აუცილებელია, დაზღვევა სავალდებულო იყოს. ამასთან, ცხადია, სახელმწიფომ მოქალაქეებს კატასტროფული ხარჯები უნდა დაუფინანსოს,“ - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო, ე.წ. დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს - ესენია ძირითადად ბავშვები, პენსიონერები და სხვა შედარებით მოწყვლადი ადამიანები. დანარჩენ შემთხვევაში, გარკვეული შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ეს უფლება შეზღუდულია და მათ უწევთ არჩევანის გაკეთება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდულ პაკეტებს შორის უწევთ, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა არ შეუძლიათ, თუმცა გარკვეული სერვისები, მაგალითად მშობიარობის დაფინანსება შენარჩუნებული აქვთ, ბოლო პერიოდში კი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან  ონკო-სერვისებისთვის განკუთვნილი 25-ათასლარიანი ლიმიტით და ონკოქირურგიის პროგრამით სარგებლობა მიეცათ.

jandacva.ge