თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


შედეგად, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანდაცვის პროგრამებია.


„წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტის მოცულობა კვლავ გაიზრდებოდა. მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი - 17 მლნ ლარი. ამჯერად, კიდევ ერთი ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს შემოსულობებების გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების - 273 860 100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების თანახმად, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 560 000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 420 100 ლარით და სულ შეადგენს 2 506 978 300 ლარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე 7 847 700 ლარია განსაზღვრული.