დიდ ბრიტანეთში გაჩნდა ვერსიები, რომ ბოლო დროს მენინგოკოკური აფეთქება შესაძლოა ნაწილობრივ გამოწვეული იყოს ახალგაზრდების მიერ ელექტრონული სიგარეტის გაზიარებით. საუბრობენ, რომ ელექტრონული სიგარეტის კვამლის ერთზე მეტი ადამიანის მიერ შესუნთქვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიის გავრცელებას.
კენტის რეგიონში მენინგოკოკური ინფექციის აფეთქებამ, თითქმის 30 დაინფიცირებულითა და ორი გარდაცვლილით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას.
მეორეს მხრივ, ამ აფეთქებით დაზარალებულებს შორის თითქმის ყველა ახალგაზრდაა. ის ფაქტი, რომ ბევრი ახალგაზრდა კლუბში ერთად იკრიბებოდა, სხვა ფაქტორებზე მიუთითებს, რამაც შესაძლოა ბაქტერიის გადაცემას შეუწყო ხელი.
რეგიონის ექსპერტები სწრაფ გავრცელებას და შემთხვევების დიდ რაოდენობას „უპრეცედენტოს“ უწოდებენ.
ისინი ცდილობენ უპასუხონ კითხვას: „როგორ გამოიწვია ინფექციამ, რომელიც მოითხოვს მჭიდრო და ხანგრძლივ ფიზიკურ კონტაქტს და უფრო ნელა ვრცელდება, ვიდრე წითელა, COVID ან გრიპი, ასეთი სწრაფი აფეთქება?“
მენინგოკოკი (Neisseria meningitidis) ბაქტერიული მენინგიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ის ასევე ერთადერთი ბაქტერიაა, რომელსაც შეუძლია მენინგიტის მასშტაბური აფეთქებების გამოწვევა. მენინგოკოკური მენინგიტის (მენინგეალური გარსების ანთება) გარდა, მას შეუძლია გამოიწვიოს მრავალი განსხვავებული და სერიოზული კლინიკური მდგომარეობა, როგორიცაა სისხლის მოწამვლა (სეფსისი), პნევმონია და ართრიტი.
ბაქტერია წვეთოვანი გზით გადადის. მისი გავრცელება იზრდება მჭიდრო კონტაქტის, ხველის, ცემინების და კოცნის დროს. ამიტომ, ის უფრო სწრაფად ვრცელდება ხალხმრავალ გარემოში.
ამ რისკ-ფაქტორებს ასევე შეიძლება დაემატოს ელექტრონული სიგარეტის, სასმელების ან ნებისმიერი პროდუქტის გაზიარება (იგივე მუნდშტუკის გამოყენებით), რომელიც პირის ღრუსთან კონტაქტში შედის. ელექტრონული სიგარეტის კვამლს შეუძლია გააღიზიანოს ყელი და ფილტვები, რამაც შეიძლება დააქვეითოს იმუნური სისტემა.
მეორეს მხრივ, ბაქტერიის გენეტიკურ სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები იქნა აღმოჩენილი.
Health Yes Association-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა ელიფ დაღლიმ, განაცხადა, რომ ელექტრონულ სიგარეტებში შემავალი ქიმიკატები და მათში არსებული დამატები შეიძლება ახალგაზრდებში ინფექციის გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიდეს.
დაღლიმ გაიხსენა, რომ მსგავსი სურათი დაფიქსირდა EVALI დაავადების დროს Covid-19 პანდემიის დროს. EVALI (ელექტრონული სიგარეტისა და ვაიპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული ფილტვების დაზიანება) არის ფილტვების მწვავე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული სიგარეტის გამოყენებასთან და შეიძლება ფატალური იყოს. დაღლიმ განაცხადა, რომ ახალგაზრდები პანდემიის დროს EVALI-ს გამო სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოთავსდნენ:
„ელექტრონული სიგარეტის შიგთავსს, განსაკუთრებით კანაფის შემცველს, შეუძლია ფილტვების დაზიანება გამოიწვიოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რას იყენებენ ბრიტანეთში ახალგაზრდები. ელექტრონული სიგარეტის ერთობლივი გამოყენებით დაზიანებული ფილტვები შეიძლება მენინგოკოკური ბაქტერიებისთვის შესაფერის გარემოდ იქცეს.“
მისივე თქმით, ბრიტანეთში სიტუაციას ართულებს ის რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ელექტრონული სიგარეტი მოწევისთვის თავის დანებების ინსტრუმენტად გამოაცხადა.
ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრმა, ვეს სტრიტინგმა, განაცხადა, რომ ბაქტერია ხანგრძლივი მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება, მაგალითად, „ერთად ცხოვრების, ხანგრძლივი კოცნის ან ელექტრონული სიგარეტისა და სასმელის გაზიარების გზით“. პროფესორ პოლ ჰანტერის განცხდებით კი, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მან ვერ აღმოაჩინა ელექტრონული სიგარეტის მენინგოკოკურ ინფექციებთან დაკავშირების მტკიცებულება, გაზიარებული ნივთები, როგორიცაა ლუდის ბოთლები, გადაცემის ცნობილი რისკ-ფაქტორია. პროფესორმა განაცხადა, რომ „ლოგიკურია“, რომ ელექტრონული სიგარეტის გაზიარებაც რისკ-ფაქტორად ჩაითვალოს.





