პროგრამა ორიენტირებული იქნება არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე, არამედ ბენეფიციართა საჭიროებებსა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ იმ იმ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც კერძო დაწესებულებებს ჩანაცვლებითი თერაპიის მიწოდებას უკრძალავს.

პრემიერის განცხადებით,  საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

"იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, – ასე ახსნა პრემიერ-მინისტრმა დაგეგმილი ცვლილება, რომელსაც მალევე მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურებები. 

სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს: "ალბათ ყველა კერძო ნარკოლოგიური კლინიკა დაიკეტება მალე, იხარე ერო, ნუ ჩვენ ორივეს რომ დავკეტავთ, ფაქტია."

ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესებია და არა - რომელიმე სუბიექტის გამდიდრება.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუძველს არ აჩენს“,  -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი მოქალაქე, ვისაც ჩანაცვლებითი თერაპია სჭირდება, სათანადო მკურნალობისა და მომსახურების გარეშე არ დარჩება. 


„ამაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ამავდროულად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდებისას, მაქსიმალურად დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტები. ეს არა უბრალოდ მოსაწონი და კარგი ინიციატივაა, არამედ საკმაოდ ამბიციური და საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი პროექტია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 


მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიისას, უცვლელი დარჩება პროგრამის დიზაინი. 


„ამასთან, პროგრამა ორიენტირებული იქნება არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე, არამედ, ბენეფიციართა საჭიროებებსა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამას პრემიერ-მინისტრმაც მკაფიოდ გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი ობიექტების დასახლებული პუნქტებიდან დისტანცირებას - ეს პრობლემა, რეალურად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, თუმცა, მუშაობა ახლა გაცილებით ინტენსიური გახდება. პრემიერ-მინისტრისგან მივიღე კონკრეტული დავალება და ბუნებრივია, ეს უალტერნატივოდ, ზუსტად ისე შესრულდება, როგორც მან თავის გამოსვლისას აღნიშნა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.