თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმა გაამართლა არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ არამწეველი და მწეველი მომხმარებლებისთვის. საქართველოში არცერთ კანონს ისე არ უმუშავია, როგორც აღნიშნულმა კანონმა იმუშავა. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ, 6 წლის წინ ამოქმედებული კანონის შეფასებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 მაისს, ზუსტად 6 წელი შესრულდა თამბაქოს შესახებ კანონის ამოქმედებიდან. შედეგად აიკრძალა თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. კანონის მიღების პერიოდში სარესტორნო ბიზნესის ნაწილი შიშობდა, რომ შესაძლოა, მომხმარებელი დაეკარგა, რადგან, მათი თქმით, მომხმარებლების დიდი ნაწილი რესტორნებსა და კაფეებში ძირითადად მოსაწევად დადიოდა. ამიტომ სექტორი ითხოვდა, მათ დაწესებულებებში გამიჯნულიყო მოსაწევი და თამბაქოსგან თავისუფალი სივრცეები. თუმცა კანონმდებლები ამ დათმობაზე არ წავიდნენ და თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა დახურულ სივრცეში აიკრძალა. 


დღეს შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ კანონის ამოქმედებამ ბიზნესს მცირე სირთულეები შეუქმნა, თუმცა სიტუაცია მალევე დასტაბილურდა და საბოლოო ჯამში რეგულაციები ქმედითი აღმოჩნდა.

„კანონის ამოქმედების შედეგად მწეველებმაც და არამწეველმა მომხმარებლებმაც დაინახეს განსხვავება არაჯანსაღ და ჯანმრთელ გარემოში ყოფნას შორის. დღეს რესტორანი აღარაა მოსაწევი ადგილი. დიდმა ნაწილმა ეს სწორად აღიქვა. მართალია, თავდაპირველად იყო პრობლემები და მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რაც საქართველოში ახალი რეგულაციების ამოქმედებას ყოველთვის თან ახლავს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დალაგდა. როცა ადამიანი რესტორნიდან სიგარეტის კვამლის სუნით არ ბრუნდება და დროს ჯანსაღ გარემოში ატარებს, ეს გაცილებით მისაღებია მისთვის. სიგარეტის მოსაწევად ღია სივრცეში გადასვლის კულტურა ფეხს იკიდებს და ამის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაში თამბაქოს მოხმარების შემცირება
 უნდა იყოს,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ jandacva.ge-სთან საუბარში. 

jandacva.ge