სახლის მოვლის ქიმიური საშუალებების ბაზარი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამიტომ სპეციალისტები მოგვიწოდებენ, არჩევანი მაქსიმალურად ეკოლოგიურ პროდუქციაზე შევაჩეროთ, რადგან ამ პროდუქციის გამოყენებას ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი რისკი უკავშირდება.

ამ თემაზე ექიმმა-ტოქსიკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ეკა ქურდაძემ იუთუბ ვიდეო-ვლოგზე „პაციენტი“ სტუმრობისას ისაუბრა და საოჯახო ქიმიის გარდა, ინტოქსიკაციის სხვა მიზეზებიც დაასახელა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვისაა დამახასიათებელი.

მისი თქმით, მოსახლეობაში მოწამვლა ხშირად მხოლოდ გულისრევასა და ღებინებასთან ასოცირდება, თუმცა რეალურად მისი გამოვლინება ბევრია. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ამა თუ იმ ჩივილით სხვადასხვა პროფილის ექიმს მიმართავს და არა - ტოქსიკოლოგს. 


რაც შეეხება მავნე ნივთიერებებისგან თავის დაცვის მეთოდებს, ეკა ქურდაძე ადამიანებს ურჩევს, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოიყენონ ის ნივთიერებები, რომლებსაც ჩვენს სხეულზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და შესაძლოა, სარგებელზე მეტი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს. 

„მაგალითად სახლში გვაქვს ე.წ. ქიმია, რომელსაც ვიყენებთ დასასუფთავებლად და ხშირად ჯანმრთელობას ზიანი მათი არასწორი გამოყენების გამო ადგება.  ამ მიზეზით მომართვიანობა ხშირია, განსაკუთრებით ვისაც ხშირად უწევს ამ ნივთიერებებთან კონტაქტი. ბოლო პერიოდში, სტატისტიკური მონაცემებით, ქალებს ფილტვის დაავადების  უფრო მეტი რისკი აქვთ, ონკოლოგიურმა დაავადებებმა  იმიტომ მოიმატა, რომ შემხებლობა აქვთ ამ პროდუქტებთან. ზოგადად, სამზარეულოსთან ტრიალი და წვა რისკს წარმოადგენს. თამბაქოს რისკიც სწორედ ესაა, რომ მიმდინარეობს წვა და ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც იწვის -ნახშირბადის შემცველი იქნება თუ პლასტმასის, ზიანის მოტანა შეუძლია. რაც უფრო ხანგრძლივად და ჭარბი რაოდენობითაა ეს გავლენა, ზიანი უფრო დიდია.  გვაქვს სამზარეულოს და აბაზანის დასასუფთავებელი საშუალებები, რომლებიც ასევე არაა უსაფრთხო. რა თქმა უნდა, დასუფთავება მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაქტერიების და სოკოების გავრცელებას ხელს ვუშლით, თუმცა აქაც აუცილებელია პირობების დაცვა. არ უნდა იყოს დახურული და პატარა სივრცე, ამასთან, მაღალი ტემპერატურის წყლის ჭავლთან ერთად მათი ხმარება რისკს წარმოადგენს. აუცილებელია დასუფთავების პროცესში ნიღბისა და ხელთათმანის გამოყენება და ოთახის განიავება,“ - აღნიშნა ტოქსიკოლოგმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი, საფრთხის შემცველი ფაქტორია ფარმაცევტული პროდუქციის ჭარბი გამოყენება. ეკა ქურდაძის განცხადებით, რთულად მოიძებნება  ქვეყანა, სადაც სააფთიაქო ქსელებისადმი მიმართვიანობა და მედიკამენტების გამოყენება საქართველოზე დიდი მასშტაბისაა. კერძოდ, ხშირად ადამიანები წამლებს ექიმთან მიმართვის გარეშე ყიდულობენ, შემდეგ კი ამ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. „არის მედიკამენტები, რომლის გამოც ექიმს ვერ მიმართავ, მაგრამ არის მედიკამენტები, რომლებიც ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა გამოვიყენოთ,“ - აცხადებს ტოქსიკოლოგი. მისივე თქმით, სწორედ ექიმმა უნდა განსაზღვროს მედიკამენტის დოზები ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ.

ქურდაძის თქმით, ინტოქსიკაციის ერთ-ერთ ტრადიციულ მიზეზს საქართველოში ალკოჰოლი წარმოადგენს. ჯანმოს მონაცემებით კი ამ პროდუქტის მიღებით გამოწვეული რისკი იმდენად დიდია, რომ მისი სარგებლიანობა, რაც რელაქსს უკავშირდება, უმნიშვნელოა. ის კანცეროგენადაა მიჩნეული.  „უნდა ვიცოდეთ, რომ სარგებელი მეტი უნდა იყოს და გადათრობამდე არ უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნა ეკა ქურდაძემ.