თბილისში მდებარე საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ სალმონელა გამოვლინდა. 


ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„თბილისის  საქალაქო  სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა  განახორციელა  სახელმწიფო კონტროლი  საშაურმეში

„სთრით ფუდ 125“  (მისამართი;  ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907). შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს 5 ნიმუში  და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.  ხუთივე გამოკვლეულ  ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).
შედეგად,  საშაურმეში  „სთრით ფუდ 125“  ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე  გამოვლინდა  კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.  ამასთან, მიკვლევადობით  დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს  ხორცით ამარაგებდა.  სალმონელაზე  კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც  საზოგადოებას ეცნობება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალმონელა  ხშირად გვხვდება დაუმუშავებელ ან არასათანადოდ მომზადებულ ხორცში, უმ კვერცხში, არაპასტერიზებულ რძესა და რძის პროდუქტებში, დაბინძურებულ ხილსა და ბოსტნეულში.

სალმონელოზი ჩვეულებრივ იწვევს გასტროენტერიტს, რომლის სიმპტომებია: დიარეა, მაღალი სიცხე, მუცლის ტკივილი და სპაზმები, გულისრევა, ღებინება.


სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 6-72 საათში და გრძელდება 4-7 დღე.
ბევრ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ადამიანი გამოჯანმრთელდება მკურნალობის გარეშეც, მხოლოდ სითხეების მიღებით. თუმცა ზოგჯერ სალმონელა სერიოზული გართულებების მიზეზი ხდება.