ჩინეთი ცდილობს, უცხოეთიდან რაც შეიძლება მეტი ჯანდაცვის პროვაიდერი მიიზიდოს და ამით სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარზე პოზიციები განიმტკიცოს.
თემაზე globaltimes.cn წერს და მაგალითად მოჰყავს სინგაპურული ოპერატორი Perennial Holdings-ი, რომელიც ჩინეთში წლის დასაწყისში გაიხსნა და სამედიცინო ტურისტების მიზიდვას ცდილოიბს. მისი მიზანია, შემოსავლის მესამედი რუსეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩასული პაციენტებისგან მიიღოს. კომპანია ფსონს დებს ჩინეთზე, როგორც სამედიცინო ტურიზმის ახალ მიმართულებაზე, რომელსაც შეუძლია რეგიონის ტრადიციულ მოთამაშეებს - სინგაპურს, ტაილანდსა და იაპონიას გაუწიოს კონკურენცია.
ეს ფაქტი მხოლოდ ცალკეული ბიზნეს ინიციატივა არ არის – ის ასახავს მზარდ დინამიკას ჩინეთში შემომავალი სამედიცინო ტურიზმის სექტორში, რადგან ქვეყანა აგრძელებს ხელსაყრელი პოლიტიკის შემოღებას, როგორიცაა „240-საათიანი უვიზო ტრანზიტი“, ასევე აუმჯობესებს ტრანსსასაზღვრო მომსახურებებს. ასეთი სტრატეგიის გამო სამედიცინო ტურიზმი ჩინური სერვისების გაყიდვების ზრდის მამოძრავებელი ხდება.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთმა საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმი აღიარა, როგორც მნიშვნელოვანი და ახალი სექტორი და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ამ მიმართულებით შესამჩნევი პროგრესი იქნა მიღწეული.
2024 წლის სექტემბერში ჩინეთმა დაიწყო პილოტური პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო გახსნას. ამავდროულად, წამყვანი ქალაქები – პეკინი, შანხაი, გუანჯოუ და შენჯენი – აახლებენ თავიანთ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, რაც საერთაშორისო სამედიცინო ტურისტების მიზიდვას ემსახურება.
ჩინეთის მიერ სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე მოიპოვა დადებითი გამოხმაურება– როგორც საერთაშორისო პაციენტების, ისე უცხოელი ინვესტორების მზარდი დაინტერესება აშკარაა.
მაგალითად, სამხრეთ ჩინეთის ჰაინანის პროვინციაში მდებარე ბოაო ლეჩენგის საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის ზონამ 2024 წლის დეკემბერში ინდონეზიიდან ჩამოსული საერთაშორისო სამედიცინო ტურისტების ჯგუფი მიიღო. სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ჯგუფის ერთ პირზე საშუალო დანახარჯმა 12,000 იუანს (დაახლოებით 1,672 აშშ დოლარს) გადააჭარბა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრია, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.
პირველ რიგში, ჩინეთში სამედიცინო მომსახურება ბევრ დასავლურ ქვეყანასთან შედარებით ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია. ეს ხელმისაწვდომობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს მეზობელი რეგიონების პაციენტების მხრიდან.
მესამეც - ჩინეთში სამედიცინო სერვისების სექტორში ტექნოლოგიური პროგრესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ის ხშირად წამყვანი საერთაშორისო დაწესებულებების სტანდარტებს უტოლდება.
გარდა ამისა, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია — ტელემედიცინიდან დაწყებული, ჭკვიანი ჯანდაცვითი სისტემებით დასრულებული — მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ეფექტიანობას. სწორედ ეს ტექნოლოგიური უპირატესობა აყალიბებს ჩინეთს, როგორც ერთ-ერთ მზარდად გავლენიან მოთამაშეს გლობალური ჯანდაცვით სივრცეში.
იმისათვის, რომ ჩინეთი პერსპექტიული ახალბედადან გლობალური სამედიცინო ტურიზმის ნამდვილი ლიდერი გახდეს, საჭიროა გაიმყაროს თავისი კონკურენტული უპირატესობა — მაქსიმალურად გამოიყენოს უნიკალური ძლიერი მხარეები, როგორიცაა ტრადიციული ჩინური მედიცინის ინტეგრაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, და ამასთან ერთად უზრუნველყოს პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.