რუსული ფარმაცევტული ბაზარი, რომელიც 41 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ინდოეთის ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
ამის შესახებ გამოცემა thepharmaletter.com-ი წერს და აღნიშნავს, რომ ამ მიზნით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებაში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი ჩაერთვება.
გამოცემის ინფორმაციით, გეოპოლიტიკურმა ძვრებმა და დასავლურმა სანქციებმა მნიშვნელოვანი ვაკუუმი შექმნა, რის გამოც ინდოეთის ფარმაცევტული კომპანიებისთვის მეტი შესაძლებლობა შეიქმნა. კერძოდ, რუსეთი ინდოეთს სთავაზობს ერთობლივი საწარმოო სიმძლავრეების შექმნას და ფარმაცევტული ექსპორტის გაზრდას.
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი მზადაა ამ გეგმების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რათა ინდოეთში საერთო საწარმოები შეიქმნას. ფონდი უკვე თანამშრომლობს რამდენიმე ინდურ კომპანიასთან წარმოების გაფართოების მიზნით.