წონის კლების მედიკამენტის Wegovy-ის მწარმოებელმა კომპანია Novo Nordisk-მა განაცხადა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ლარს ფრურგორ იორგენსენი, თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს და მიზეზად ასახელებს შეშფოთებას, რომ კომპანიამ შესაძლოა დაკარგოს ლიდერის პოზიცია ჭარბწონიანობის მკურნალობის სწრაფად მზარდ და კონკურენტულ ბაზარზე.
იორგენსენის ხელმძღვანელობით, Novo Nordisk-მა მსოფლიო ლიდერის პოზიცია დაიკავა წონის კლების მედიკამენტების ბაზარზე, რაც პრეპარატების – Wegovy-სა და Ozempic-ის – გაყიდვების მკვეთრი ზრდის შედეგია. ამან კომპანიის აქციების ღირებულება გააორმაგა და იგი გახდა ევროპის ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანია.
თუმცა, კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივნისში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიზეზი კონკურენციაა — განსაკუთრებით ამერიკული Eli Lilly-ს (LLY.N) მხრიდან, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბაზრის წილის ათვისება და ასევე იმით, რომ Novo Nordisk-ის ახალი მედიკამენტების კვლევებმა ინვესტორებზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
"ცვლილებები განხორციელდა ბაზრის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც Novo Nordisk-ი ბოლო დროს დგას, ასევე კომპანიის აქციების ფასის დინამიკის გათვალისწინებით 2024 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული," — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Eli Lilly-ის მიერ წარმოებული, ჭარბი წონის სამკურნალო ინექცია Zepbound-ზე გამოწერილი რეცეპტების რაოდენობამ აშშ-ში, რომელიც მისი უდიდესი ბაზარია, 2024 წლის მარტის შუა პერიოდიდან Wegovy-ს რეცეპტებს გაუსწრო.
58 წლის იორგენსენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. ის თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი არ დაინიშნება, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.