ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ გლობალური ჯანდაცვის სფეროში პროგრესი შენელდა. ჯანმომ გამოაქვეყნა ახალი მოხსენება, რომელშიც საუბარია COVID-19-ის გრძელვადიან გავლენაზე მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. 


გაეროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ორ წელიწადში -2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში, მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,8 წლით შემცირდა. ესაა ამ მაჩვენებლის ყველაზე მასშტაბური შემცირება უახლეს ისტორიაში. 


„მონაცემების თითოეული ერთეულის უკან დგას ადამიანი  - ბავშვი, რომელმაც 5 წლის ასაკს ვერ მიაღწია, დედა, რომელიც მშობიარობას გადაყვა, დაავადების გამო შეწყეტილი სიცოცხლე, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა,“ - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მოხსენებაში „ჯანდაცვის მსოფლიო სტატისტიკა 2025“ ნათქვამია, რომ პროგრესია ჯანსაღი ცხოვრების წესის დონის თვალსაზრისით. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 1,4 მილიარდი ადამიანით მეტი ცხოვრობს ცხოვრების ჯანსაღი წესით, რასაც ხელი შეუწყო თამბაქოს პროდუქციის მოხმარების შემცირებამ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებამ და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებამ, ასევე ჰიგიენისა და სანიტარიის კუთხით არსებულმა პროგრესმა. 


რაც შეეხება სამედიცინო სერვისებზე წვდომას და მოსახლეობის დაცვას საგანგებო სიტუაციებში, ამ კუთხით დასახული მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდა. მაგალითად, დაგეგმილი იყო, რომ საბაზო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მქონე ადამიანების რაოდენობა მილიარდით უნდა გაზრდილიყო, თუმცა მხოლოდ 431 მილიონით გაიზარდა. ამასთან, არასათანადო ტემპებით მცირდება დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. ამ პრობლემების მიზეზად პირველად სამედიცინო-სანიტარულ დახმარებაში ინვესტიციების შეზღუდულობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და იმუნიზაციის სფეროში არსებული ჩავარდნები სახელდება. 
მსოფლიოში გარდაცვალების მთავარ მიზეზად ქრონიკული დაავადებები რჩება. მათ შორისაა გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო და ა.შ. 


ამ ეტაპზე მსოფლიო ჩამორჩება არაინფექციური დაავადებებისგან ნაადრევი გარდაცვალებების შემცირების გრაფიკს, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი. პროგრესია მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოახერხეს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება. 


პრობლემაა ვაქცინაციაც: 2023 წელს ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს.