შეიძლება, მოსალოდნელი იყოს - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია დაშენებული პაკეტების ამოქმედება.

„დიდია და მზარდი დინამიკა გააჩნია კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად. რიცხვები მეტყველებს, რომ ეს თანამშრომლობა ჯანდაცვისა და სადაზღვევო სექტორებს შორის აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს და ყველა წინაპირობა არსებობს იმის ვარაუდისთვის, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად წარიმართება.


რაც შეეხება თანამშრომლობის კონკრეტულ კონფიგურაციებს, ჯერ არ მახსენდება, რომ წარმოდგენილი ყოფილიყოს რაიმე ისეთი ინიციატივა, რომელსაც სამინისტრო ინტერესით არ გასცნობია და ამ კუთხით თანამშრომლობა არ შემდგარიყოს. მომავალშიც მოსალოდნელია, რომ ასეთი გაჩნდება და მათ შორის შესაძლებელია, ეს იყოს ე.წ. დაშენების ინსტრუმენტი. ეს მოსალოდნელი შეიძლება იყოს,“ - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო, ე.წ. დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს - ესენია ძირითადად ბავშვები, პენსიონერები და სხვა შედარებით მოწყვლადი ადამიანები. დანარჩენ შემთხვევაში, გარკვეული შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ეს უფლება შეზღუდულია და მათ უწევთ არჩევანის გაკეთება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდულ პაკეტებს შორის, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა არ შეუძლიათ (თუმცა გარკვეული სერვისები, მაგალითად მშობიარობის დაფინანსება შენარჩუნებული აქვთ, ბოლო პერიოდში კი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან  ონკო-სერვისებისთვის განკუთვნილი დაფინანსებით სარგებლობის საშუალება მიეცათ).

სადაზღვევო სექტორი წლებია, ითხოვს, დაშენების უფლება  ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს.