იაპონიაში, ჯუნტენდოს უნივერსიტეტში, მეცნიერებმა წარმატებით შექმნეს ხელოვნური საშვილოსნო, რომელიც უზრუნველყოფ ძუძუმწოვრების ემბრიონების სრულყოფილ ზრდას ცოცხალი სხეულის მიღმა.
ეს არ გავს ინკუბატორებს ან ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს, რომლებიც ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს ეხმარება. ეს ტექნოლოგია ცხოვრების დაწყებას უშუალოდ საშვილოსნოს გარეთ, ემბრიონის ფაზიდანვე უზრუნველყოფს. მეცნიერებმა გამოიყენეს გამჭვირვალე ბიოჩანთა, რომელიც სავსეა ჟანგბადით გამდიდრებული ხელოვნური ნაყოფის წყლით და დაკავშირებულია გარე საკვების მიწოდების სისტემასთან. ამ გზით მათ შეძლეს თხის ემბრიონების განვითარება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა შეექმნათ მყარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მომავალში ამ ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებზეც შესაძლებელი გახდება.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ მსოფლიოში დიდი ინტერესი და კითხვები გამოიწვია — და არა მხოლოდ ტექნიკური მიღწევის გამო.
პირველად მოხდა, რომ ჩანასახის განვითარება მთლიანად ცოცხალი სხეულის მიღმა დაიწყო და გაგრძელდა — ჩვეულებრივი ინკუბატორების ფარგლებს გასცდა და შევიდა სფეროში, რომელიც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში არსებობდა.
რა ხდება შემდეგ, როცა ტექნოლოგია ბუნებას ცვლის?
შედეგები მართლაც გასაოცარია - იაპონიის დემოგრაფიული კრიზისის შემსუბუქებიდან მშობლობის ცნების გადახედვამდე, სიცოცხლის გადარჩენიდან ეთიკური დისკუსიების გაჩაღებამდე — ხელოვნური საშვილოსნო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამედიცინო მიღწევა.
ადრინდელმა ეტაპებმა — როგორიც იყო 2017 წელს ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარებული ექსპერიმენტი ნაადრევად დაბადებულ ბატკნებზე — აჩვენა, რომ საშვილოსნოს გარეთ ცხოვრების ნაწილობრივი მხარდაჭერა შესაძლებელია, იაპონიის მიღწევამ კი ეს ზღვარი უფრო უკან, ემბრიონის ფაზამდე გადასწია.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანზე უშუალო გამოყენება ჯერ არ იგეგმება, აუცილებელი ტექნოლოგიური საფუძველი უკვე ჩაყრილია.
ექსპერტების პროგნოზით, მომდევნო ათწლეულში ამ ტექნოლოგიის ნაწილობრივი გამოყენება ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ფარგლებში რეალობად შეიძლება იქცეს, სრული „გარეთა“ ორსულობა კი საჭიროებს დამატებით განვითარებას და ღრმა ეთიკურ ანალიზს.
მიუხედავად სირთულეებისა, გადასვლა კონცეფციიდან რეალობამდე უკვე დაწყებულია. ამით კი, შესაძლოა, დაწყებულია რეპროდუქციული მეცნიერების ღრმა ტრანსფორმაცია — გარდაქმნა, რომელიც სერიოზულად შეარყევს ჩვენს წარმოდგენებს მშობლობაზე, ბიოლოგიაზე და დაბადების აქტზეც კი.
შეიძლება ფანტასტიკად ჟღერდეს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც შობადობის დონე მკვეთრად ეცემა და ტრადიციული სოციალური როლები მყარდება, ეს ინოვაცია არამარტო შესაძლებელი, არამედ გარდაუვალი ჩანს.
რაც სხვაგან შეიძლება რადიკალურად აღიქმებოდეს, იაპონიაში შეგნებული და კულტურულად განპირობებული ინოვაციაა — ტექნოლოგიური პასუხი, რომელიც გვაჩვენებს არა მხოლოდ იმას, საით მიდის მეცნიერება, არამედ იმასაც, რატომ მივყავართ მას ამ მიმართულებით.
ამ სიახლეს მნიშვნელოვანი საფრთხეები ახლავს. მაგალითად, თუ საშვილოსნო სილიკონისგან და სენსორებისგან არის აგებული, შეცდომისგან დაცული არ არის. რა მოხდება, თუ სისტემა მწყობრიდან გამოვა, დაირღვევა ან გახდება კიბერშეტევის ობიექტი? ასეთ შემთხვევაში, ვინ აგებს პასუხს შედეგებზე — ინჟინრები, მშობლები თუ სახელმწიფო?
აღსანიშნავია ასევე თანხმობისა და კომერციალიზაციის გარშემო არსებული შეკითხვები. ხომ არ გადაიქცევა ორსულობა კომერციულ მომსახურებად — მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომად და პატენტებით დაცულად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების გარეშე?
იმ სამყაროში, სადაც რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე წვდომა უთანასწოროდ არის გადანაწილებული, ხელოვნურმა საშვილოსნომ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს არსებული სოციალური უთანასწორობა — თუ რეგულაციები არ შემუშავდება დროულად, გამჭვირვალედ და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
ეს იდეა ეწინააღმდეგება დადგენილ წარმოდგენებს დედობაზე, თანხმობაზე და ემბრიონის მორალურ სტატუსზე.
ხელოვნური საშვილოსნო არამხოლოდ სამეცნიერო გამოგონებაა — ის გარდაქმნის საზოგადოებრივ მოლოდინებს სხეულზე, მშობლობაზე და სიცოცხლის არსზე, და მოითხოვს არსებულის ფუნდამენტურ გადახედვას.
ამასთან, ხელოვნურ საშვილოსნოებს შეუძლიათ რეპროდუქციის დემოკრატიზება — ბიოლოგიური მშობლობის შესაძლებლობის მიცემა სქესის, ასაკის ან ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად.