ამერიკის შეერთებული შტატების საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ქსელი Walmart-ი 6 შტატში, მის საკუთრებაში არსებულ 51 სამედიცინო ცენტრს ხურავს. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

CNN-ი წერს, რომ ბოლო წლებში Walmart-მა ჯანდაცვის სექტორში დიდ პროგრესს მიაღწია, როცა, ოთხიოდე წლის წინ, სუპერმარკეტების გვერდით კლინიკების გახსნა დაიწყო. აღნიშნულ ობიექტებში მომხმარებლებს სთავაზობენ პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ლაბორატორიულ მომსახურებას, ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებს და სტომატოლოგიას. 

Walmart-ში მიიჩნევდნენ, რომ შეეძლოთ სოლიდური ფინანსებისა და მაღაზიების ბაზის გამოყენება, რათა სოფლისა და ისეთ დასახლებებში, სადაც ჯანმრთელობის სერვისები სათანადოდ განვითარებული არ არის, ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები განევითარებინათ. 

თუმცა კომპანიის ბოლო განცხადება Walmart-ის სტრატეგიის მკვეთრ შემობრუნებაზე მიანიშნებს და შესაძლოა, ამან შედარებით მცირე შემოსავლიან და  დაზღვევის არმქონე პაციენტებს პრობლემები შეუქმნას.  


Walmart-მა ასევე განაცხადა, რომ აჩერებს ვირტუალური ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. 

ამ კლინიკების ერთ-ერთი თავისებურება ის იყო, რომ ისინი მცირეშემოსავლიან რაიონებში იყო განთავსებული. კომპანიამ განაცხადა, რომ კლინიკების დახურვა მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამ პროექტს მისთვის მოგება არ მოჰქონდა მზარდი საექსპლუატაციო ხარჯების გამო.

„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ არ გვაქვს მდგრადი ბიზნეს-მოდელი, რომელსაც გავაგრძელებდით,“ - განაცხადეს კომპანიაში. 

„ეს განსხვავდება ისეთი პროდუქტების გაყიდვისგან, როგორიცაა კბილის პასტა ან საუზმის ფანტელები, და სხვა გამოცდილებასა და მართვას მოითხოვს,“ - განაცხადა ჯანდაცვის სპეციალისტმა რობერტ ფილდმა. 
ექსპერტების განცხადებით, Walmart-ის კლინიკების დახურვა ასახავს პრობლემებს, რომელთა წინაშეც ამერიკის პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემა დგას. კერძოდ, შტატების სამედიცინო კოლეჯების ასოციაციის მონაცემებით, მომდევნო 10-წლეულში ამ სფეროში 55 ათასი თანამშრომლის დეფიციტი შეიქმნება.

Walmart-მა კლინიკები იმ ადამიანებისთვის შექმნა, რომლებსაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვთ, ან მაღალი ფრანშიზის გამო, მკურნალობაზე დიდი თანხების გადახდა უწევდათ.

Walmart-ს 4600 აფთიაქი და 3 ათასზე მეტი ოპტიკური ცენტრიც აქვთ, რომლებსაც კომპანია არ ხურავს და მათ განვითარებას განაგრძობს.