თუ სახელმწიფო ფასებს რეცეპტორული მედიკამენტების მთელს ბაზარზე დააწესებს, ეს ფარმაცევტულ სექტორზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს და ეს დადებითი მოვლენა იქნება.
ამის შესახებ „პეესპე ჯგუფის“ წარმომადგენელმა გიორგი რამიშვილმა, პარლამენტში, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც 4 ფარმაცევტული კომპანიაა წარმოდგენილი. აღნიშნული კომპანიები საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის 80%-ს ფლობენ.
რამიშვილის განმარტებით, „პეესპეს“ 5 ათასამდე დასახელების მედიკამენტები აქვს, რომელთაგანაც ნახევარი რეცეპტორულია და მათგან 70%-ზე რეფერენტული ფასებია დაწესებული, თუმცა მიესალმებიან, თუ ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზრდება.
„ეს 70% უნდა გახდეს 100% და სახელმწიფომ სრულად უნდა დაარეგულიროს რეცეპტორული მედიკამენტების ფასები. ვნახეთ, რომ როცა სახელმწიფომ დაარეგულირა ფასები, მომწოდებლებიც და ადგილობრივი ქსელიც მოერგო ამ სქემას. ვიღაც შეიძლება ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ გარკვეული მედიკამენტები დატოვებედნენ ბაზარს, მაგრამ დავინახეთ, რომ მედიკამენტების უდიდესი ნაწილი სახეზეა. იგივე მოხდება, თუ 100 %-ზე დაწესდება რეფერენტული ფასები. ეს ნეგატიურ ცვლილებას ნამდვილად არ გამოიწვევს,“ - აღნიშნა რამიშვილმა.
მისი თქმით, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, მართალია, რამდენიმე პრეპარატმა დატოვა ბაზარი, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა ისეთები, რომლებსაც შემცვლელი არ აქვს.
რაც შეეხება პრეპარატებზე ფასწარმოქმნას, რამიშვილის განმარტებით, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მწარმოებლის ფასი, რის შემდეგაც „პეესპე“ გარკვეული ფასნამატით ახდენს რეალიზაციას, რასაც აფთიაქები გარკვეულ თანხას ამატებენ და ასე ყიდიან პროდუქციას ბაზარზე. მისივე განმარტებით, კომპანიას აქვს ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც პროდუქციის მიღება-დასაწყობება ხდება ყველა სტანდარტის დაცვით - მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ცივი ჯაჭვის ციკლის პირობებში, ჩანაწერების გაკეთებითა და სხვა პროცედურებით.
რამიშვილის თქმით, როცა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის გადმოტვირთვა, ის ნაწილდება კომპანიის ლოჯისტიკურ ცენტრებში და იქიდან მიდის აფთიაქების დახლებამდე. შესაბამისად, ესაა ორკომპონენტიანი სქემა, რაც სრულიად ოპტიმალურია. გიორგი რამიშვილის განმარტებით, იგივე ჯაჭვი აქვთ ბაზრის სხვა მოთამაშეებსაც.





