მიმდინარე წლის დასაწყისიდან სახელმწიფომ მოქალაქეებისთვის გლაუკომის პრეპარატების დაფინანსებას დაიწყო.

გლაუკომის პრეპარატები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას დაემატა. პრეპარატებს სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად დაუფინანსებს.

„ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულისა  და ფილტვის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონი, შაქრიანი დიაბეტი ქმნის მნიშვნელოვან ტვირთს როგორც ავადობის კუთხით, ისე ფინანსურად. სახელმწიფო უკვე სრულად დაფარავს ამ მედიკამენტების ღირებულებას იმ პირებისთვის, ვისაც სისტემატურად უწევს მედიკამენტის მოხმარება. ამ ჯგუფში შედიან საპენსიო ასაკის მოსახლეობა, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულ არ აღემატება 100 ათასს, შშმ ბავშვები, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ვეტერანები. წელს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა იმ კუთხით, რომ ამ ჩამონათვალს დაემატა გლაუკომა. ამდენად, მისი სისტემატური და რეგულარული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია და წელს პროგრამაში დაიწყო გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებაც,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას.

Jandacva.ge ესაუბრა პაციენტს, რომელიც გლაუკომის დიაგნოზი აქვს და, შესაბამისად, იანვრიდან ამოქმედებული სიახლე მასზე გავრცელდა. ამბობს, რომ მას ყოველთვიურად მისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთი მოეხსნა.
ამასთან, მისთვის აუცილებელია ძვირადღირებული ინექციების გაკეთებაც, რასაც ამ ეტაპზე სახელმწიფო არ აფინანსებს.

„მინიმუმ 2 თვეში ერთხელ მიწევს წამლების თვალში გაკეთება. ამ თანხას ოჯახის წევრები მიხდიან, მაგრამ უამრავ პენსიონერს, რომელსაც ეს დაავადება აქვს, არ შეუძლია ამხელა თანხების გადახდა და სახელმწიფო მათ აუცილებლად უნდა დაუდგეს მხარში, ისევე როგორც ეს გლაუკომის შემთხვევაში მოხდა. მე გლაუკომაც მაქვს და იანვრიდან წამლებს სახელმწიფო მიფინანსებს. ამ წამლებში თვეში 110-150 ლარს ვიხდიდი და ახლა ეს ჩემთვის უფასო, “ - ამბობს მარინა მაისურაძე.

გლაუკომა წარმოადგენს თვალის დაავადებას, რომლის დროსაც მხედველობის ნერვი ზიანდება. იგი ვითარდება მაშინ, როცა თვალშიდა წნევა ნელ-ნელა მატულობს. ადრეული მკურნალობის შემთხვევაში ადამიანე შეუძლია თავი მხედველობის სერიოზული გაუარესებისგან დაიცვას. მკურნალობის გარეშე, გლაუკომას სრული სიბრმავის გამოწვევა შეუძლია.