საქართველოში დონორის ბარათი 1000-ზე მეტ ადამიანს აქვს აღებული. ეს ნიშნავს პირის გაცხადებულ თანხმობას, გარდაცვალების შემთხვევაში  მისი ორგანოები იმ ადამიანს გადაუნერგონ, ვისაც ამის საჭიროება აქვს. 


ამის შესახებ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია თომაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არაა. ამასთან, თომაძემ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების სხვა პიროვნებისთვის გადანერგვის შესახებ დონორის ოჯახი იღებს, თუმცა  დონორის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნება ოჯახს ამ გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. 


გია თომაძის განცხადებითვე, ტრანსპლანტალოგიის ასოციასთან არსებულ ბანკში 670 ორგანოგადანერგილი პაციენტია აღრიცხვაზე. მათგან 200-ს ღვიძლი აქვს გადანერგილი, 12-ს გული,  დანარჩენი კი თირკმელგადანერგილი პაციენტია. აქედან უმრავლესობა საქართველოშია ნაოპერაციები, 11%-კი უცხოეთში, რისი მიზეზიც ისაა, რომ საქართველოში გვამური დონაცია არ არსებობს. შესაბამისად, ყველა გულდადანერგილ მოქალაქეს ეს ოპერაცია უცხოეთში აქვს ჩატარებული. 


გია თომაძის განცხადებით, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში შესაბამისი საჭიროების მქონე  პაციენტთა მხოლოდ 10% იღებს ორგანოებს, რადგან საკმარისი რაოდენობის ორგანოები არ არის. მართალია, გადანერგვის ოპერაციები მატულობს, მაგრამ უფრო სწრაფად იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებსაც გადანერგვა სჭირდებათ. ეს კი, მისივე თქმით, შავი ბაზრის და იატაკქვეშა ტრანსპლანტაციის საფრთხეს ქმნის. 


გია თომაძის ინფორმაციით. 2015 წლამდე საქართველოში მხოლოდ გენეტიკურ ნათესავს ან მეუღლეს ჰქონდა ორგანოს დონორად გახდომის უფლება, 2015 წლის შემდეგ კი ეს ჩამონათვალი გაფართოვდა და მას ემოციური სიახლოვის მქონე პიროვნებებიც დაემატა - იგულისხმება, მაგალითად, მეგობარი, ნათლია, ნათლული და ა.შ. ამის შემდეგ, მისივე განცხადებით, იკლო ნათესავებს შორის დონორობამ და გაიზარდა ემოციურ კავშირში მყოფი ადამიანების მხრიდან ორგანოების გადანერგვის შემთხვევები, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, გვაქვს თუ არა საქმე რეალურ ალტრუიზმთან. თუმცა, ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
მსოფლიოს მასშტაბით დონორობის 60% გვამურ დონაციაზე მოდის, საქართველოში კი ტრანსპლანტაციისთვის მხოლოდ ცოცხალი დონორის ორგანოები გამოიყენება. სწორედ ამიტომაა ჩვენს ქვეყანაში დონორების დეფიციტის პრობლემა კიდევ უფრო მწვავე.

რაც შეეხება საკითხის ფინანსურ მხარეს, ღვიძლის გადანერგვა ძალიან დიდი თანხა, 120 ათასი ლარი ღირს, რასაც დღეს უკვე სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 


გია თომაძის თქმით, გულის გადანერგვა ტექნიკურად უფრო ადვილია, ვიდრე ღვიძლის, თუმცა, ბუნებრივია, ამ ოპერაციის გაკეთება მხოლოდ გვამური დონაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. როცა ამ სახის დონორობა საქართველოში დაიწყება, გულის გადანერგვის ოპერაციებიც ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გვამური დონაციის დაწყებისკენ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 4 წლის წინ გადაიდგა, როცა თურქულ მხარესთან მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ტრანსპლანტალოგიის განვითარება და მათ შორის გვამური დონაციის დაწყება. თუმცა ამის შემდეგ ამ კუთხით მნიშვნელოვანი სიახლეები არ ყოფილა. 


ქვეყანა ჯერ არ არის გაერთიანებული ორგანოთა გაცვლის სისტემაში. სწორედ ამიტომ საქართველოში გვამური დონაცია არ არსებობს.