ჯანდაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებს, მომსახურებასა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს დაუფინანსებს.
აღნიშნული იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ სერვისებზე ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სიახლის შედეგად, ყველა პაციენტს, საჭირო მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ამასთან, ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს, მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. აღნიშნული მედიკამენტები პაციენტებს ინდივიდუალურად, დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით ენიშნებათ. ასევე, ოკრევუსის ხსნარის შემთხვევაში, ფინანსდება მისი გადასხმა ან კანქვეშა ინიექცია, რომელიც დღის სტაციონარში ტარდება.
ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის, მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.
პროგრამა ასევე მოიცავს, დღის სტაციონარის პირობებში, მედიკამენტ მეთილპრედნიზოლონით მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და სრულად დაფინანსდება.
დედაქალაქსა და აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, პროგრამას ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს. დანარჩენ რეგიონებში მცხოვრები პაციენტები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ ასეთ მიდგომას და დაფინანსებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას მოითხოვდნენ. 1 ივლისიდან კი მათი საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება.
პროგრამაში ჩასართავად, პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარმოადგინოს ფორმა 100 და პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის შეზღუდვას იწვევს, მკურნალობა კი, პაციენტების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.