დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ და მოადგილემ პაატა იმნაძემ საველე-მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს.


ლაბორატორია ქართულ-გერმანული ერთობლივი პროექტის „დასავლეთ აზიური ქსელის შექმნა კავკასიის რეგიონში ბიოლოგიური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში გერმანიის მხარემ გადასცა საქართველოს.


პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ლოჯისტიკური მხარდაჭერით ხორციელდება.


პროექტის მიზანია, საქართველოში ბიოლოგიური რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ რისკების შემცირების ხელშეწყობა, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანური რესურსის განვითარება და საქართველოში ბიოლოგიურ ინციდენტებზე მზადყოფნის გაუმჯობესება.


პროექტის ფარგლებში ქართველმა მეცნიერებმა გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში საველე-მობილურ ლაბორატორიებში გაიარეს ტრენინგი, ამასთანავე, საქართველოში დაგეგმილია საველე-მობილური ლაბორატორიების მომუშავე თანამშრომელთა გადამზადება.