პარლამენტში დაიწყო იმ კანონპროექტებში ცვლილებების განხილვა, რომელთა შედეგად ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტსა და ჩანაცვლებით თერაპიაში კერძო სექტორს მონაწილეობა აეკრძალება და ორივე ამ მიმართულებას საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებს.
კერძოდ, ცვლილებები შედის კანონპროექტებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი “, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
დღეს ჯანდაცვის კომიტეტი მას I მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავს.
ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა ლომინაძის განცხადებით, ის დოზები, რომლითაც კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები მიმდინარეობს, ხშირად არ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს. მისი თქმით, საქართველოში ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა 5-6-ჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობასთან შედარებით. ამიტომ, მისი თქმით, კანონის ამოქმედება მოხმარებას შეამცირებს.
ამასთან, ზაზა ლომინაძის თქმით, ცვლილებები პაციენტებს სარგებელს მოუტანს, რადგან კერძო სქემებში მონაწილე ბენეფიციარებს თვიურად 1000 ლარამდე თანხის გადახდა უწევთ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების 120-ზე მეტი პოზიცია შემოდის. ლომინაძის თქმით, ამ პრეპარატების იმპორტს სახელმწიფო სრულად გადაიბარებს და მათ დროულ შემოტანას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ვადებს, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მიზანია, რომ ცვლილებები რაც შეიძლება მალე შევიდეს ძალაში - ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში ცვლილებები უკვე 15 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს, ფსიქოტროპულების შემთხვევაში კი -1 ოქტომბრისთვის.
მინისტრის განცხადებით, ცვლილებების მიზანია, კომერციული ინტერესი პაციენტის ინტერესმა ჩაანაცვლოს.