საქართველოში სამშობიარო სახლების და დიდი სამედიცინო კლინიკების 2000-ზე მეტი მედიკოსი პაციენტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით გადამზადდა. გარდა ამისა, დაინერგა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა.
პროექტები გაეროს ბავშვთა ფონდმა კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად განახორციელა. პროექტი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პარტნიორობა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის კრიტიკული ელემენტების გაძლიერებას, განსაკუთრებული აქცენტით წყალზე, სანიტარიაზე, ჰიგიენაზე და იმუნიზაციაზე. ყურადღება დაეთმო ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაძლიერებას, განსაკუთრებით სოფლად.
პარტნიორობის ძირითადი მიღწევებია:
უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ინტერ-პერსონალური კომუნიკაციის შესახებ აკრედიტებული კურსის შემუშავება და ინტეგრირება.
საქართველოს მასშტაბით სამშობიარო სახლების და დიდი სამედიცინო კლინიკების 2000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი გადამზადდა ინტერაქტიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტრენინგით პაციენტებთან ინტერ-პერსონალური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით. სესიებს უძღვებოდნენ ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც ინტერაქტიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტრენინგების მეშვეობით დაეხმარნენ ჯანდაცვის პრაქტიკოსებს მცდარი წარმოდგენების გამოვლენასა და აღმოფხვრაში და აღჭურვეს ისინი პოზიტიური ინტერ-პერსონალური კომუნიკაციის შესახებ აუცილებელი ცოდნითა და უნარებით.
ჩატარდა ტრენინგები სამედიცინო დაწესებულებების იმ პერსონალისთვის, რომლებსაც ევალებათ გარემოს დასუფთავების სერვისების შემუშავება, მართვა ან ზედამხედველობა, რათა უზრუნველყონ ინფექციის პრევენცია და კონტროლი სოფლის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.
საპილოტე რეჟიმში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რაც შესაძლებელს ხდის მონაცემების რეალურ დროში მოპოვებას.
„ინიციატივამ ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას, COVID-19 პანდემიის დროს და მის მიღმა გამოვლენილ სისუსტეებზე საპასუხოდ,“ - ნათქვამია იუნისეფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.